English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 2 ∘ თამილა არნანია-კეპულაძე გიორგი კეპულაძე
ეკონომიკის დოქტორები შრომის ბაზარზე: საერთაშორისო გამოცდილება

10.36172/EKONOMISTI.2023.XIX.02.TAMILA.ARNANIA.KEPULADZE.GIORGI.KEPULADZE

ანოტაციასაერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში დაგროვებული გამოცდილებისა და ჩატარებული კვლევების შესწავლა-ანალიზის საფუძველზე ნაშრომში განხილულია ეკონომიკის დოქტორების ადგილი და როლი შრომის ბაზარზე. კვლევამ აჩვენა, რომ ეკონომიკის სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები ძირითადად საქმდებიან აკადემიურ სფეროში. მაგრამ ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულთა აკადემიურ სფეროდან ბიზნეს სექტორში, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ სახელმწიფო სამსახურში გადასვლის ტენდენცია. ეკონომიკის დოქტორები საქმდებიან საერთაშორისო სააგენტოებში, სახელმწიფოს დაწესებულებების პოლიტიკისა და შეფასების დეპარტამენტებში, კერძო ბანკებში, საკონსულტაციო, ანალიტიკური ცენტრებში, საინვესტიციო ორგანიზაციებში, სხვა კომერციულ სტრუქტურებში.

გამოვლინდა ეკონომიკის დოქტორების დასაქმების ეროვნული და გენდერული თავისებურებანი, კერძოდ, ამერიკის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული უცხოელი მოქალაქე-დოქტორანტები თავის სამშობლოში უფრო ხშირად საქმდებიან აკადემიურ სფეროში, დოქტორები-მამაკაცები იკავებენ უფრო მაღალ თანამდებობებს და მათ აქვთ უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება, ვიდრე დოქტორი-ქალებს.

ეკონომიკის დოქტორების შრომის ბაზარს საქართველოსა და დასავლეთში გააჩნია ის მსგავსება, რომ ეკონომიკის სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულები ძირითადად საქმდებიან აკადემიურ სფეროში. მაგრამ დასავლეთში, საქართველოსაგან განსხვავებით, არსებობს მოთხოვნა ეკონომიკის დოქტორებზე არა მარტო ეკონომიკის  ან/და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების მხრიდან, არამედ MBA პროგრამებზე, ჰუმანიტარულ, საინჟინრო, სამედიცინო და სხვ. მიმართულების მხრიდან. გარდა ამისა, დასავლეთის ქვეყნებში მზარდია მოთხოვნა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულებზე სახელმწიფო და სხვადასხვა კომერციული სტრუქტურების მხიდან.

საკვანძო სიტყვები: ეკონომიკის დოქტორი, შრომის ბაზარი, დასაქმება, კარიერა

შესავალი

სამეცნიერო-ტექნოლოგიური ინოვაციების გავრცელება და ადამიანის საქმიანობის მრავალი სფეროს ინტელექტუალიზაცია მნიშვნელოვნად ცვლის შრომის ბაზრის სტრუქტურას და ზრდის მოთხოვნას მაღალკვალიფიციურ კადრებზე, რომელთაც გააჩნია ღრემა პროფესიული ცოდნა, კვლევითი-ანალიტიკური მუშაობისა და საქმიანობის რაციონალურად დაგეგმვის უნარ-ჩვევები, რომელთაც შეუძლია შემოქმედებითი და სისტემური აზროვნება, ახალი კომპეტენციების ათვისება, პროფესიული თვითგანვითარება. ასეთი პროფესიონალების არსებობას და მათ  მოღვაწეობას შეუძლია ხელი შეუწყოს ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, მსოფლიო ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და კეთილდღეობის მიღწევას.

შემოქმედებითი აზროვნების, კვლევითი და ანალიტიკური უნარის მქონე,  მაღალი ინტელექტის მფლობელი  სპეციალისტების მომზადება, რომელთაც შეეძლებათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ახალი ცოდნისა და ტექნოლოგიების შექმნასა და გავრცელებაში,   მიმდინარეობს, როგორც წესი, უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე, რომელიც, როგორც ამას საერთაშორისო გამოცდილება და უცხოური კვლევები გვიჩვენებს, სულ მეტად ორიენტირებული ხდება შრომის ბაზრის მოთხოვნებზე.

დოქტორის ხარისხის მქონე პირთა მომზადების, დასაქმებისა და კარიერული ზრდის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ამგვარი კვლევებისთვის შემუშავებული და გავრცელებულია სპეციალური კითხვარები, მაგალითად, „Istat Survey on the Occupational Outcomes of PhD graduates“, „National Science Foundation’s Survey of Earned Doctorates“, „Survey of doctorate recipients“, „Survey of earned doctorates“ და სხვ.

თუ კი გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ დოქტორების (ფილოსოფიის დოქტორის, PhD) ხარისხის მქონე პირთა რაოდენობა მსოფლიოში იზრდება, მათი დასაქმების, კარიერული ზრდის საკითხის შესწავლა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამ თვალსაზრისით ეკონომიკის დოქტორების ხარისხის მქონე პირებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი და როლი ეკონომიკის დოქტორებს უჭირავს.

ეკონომიკის დოქტორების შრომის ბაზარზე დაკავებული ადგილის კვლევა დაკავშირებულია იმის დადგენასთან, თუ რამდენად არის მოთხოვნადი ეკონომიკის დოქტორები შრომის ბაზარზე; ვინ არიან ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მქონე პირების არსებული და პოტენციური დამსაქმებლები ანუ ვის მხრიდან წარმოიშვება მოთხოვნა დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სამუშაო ძალაზე; რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და გამოცდილება ესაჭიროება არსებულ და პოტენციურ დამსაქმებელს; რა პროფესიული თვისებები ესაჭიროება დამსაქმებელს და სხვ.

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენ მივმართეთ საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში დაგროვებული გამოცდილების და ჩატარებული კვლევების შესწავლა-ანალიზს და ამის საფუძველზე შევეცადეთ დაგვედგინა ეკონომიკის დოქტორების ადგილი და როლი შრომის ბაზარზე.   

ეკონომიკის დოქტორების დასაქმების კვლევა  

ეკონომიკის დოქტორების დასაქმება - ეს არის საკითხი, რომლის კვლევას დასავლეთში ახორციელებენ სხვადასხვა ორგანიზაციები. ამ ორგანიზაციებს შორის პირველ რიგში უნდა გამოვყოთ უნივერსიტეტები.

უნივერსიტეტები ახორციელებენ თავიანთი კურსდამთავრებულთა დასაქმებისა და კარიერული განვითარების საკმაოდ მრავალრიცხოვან და მრავალფეროვან კვლევებს. ასეთი კვლევები მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში განიხილება, როგორც მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების გაუმჯობესების, სადოქტორო პროგრამებზე ახალი კანდიდატების მოზიდვის, სადოქტორო პროგრამების სრულყოფისა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან მათი ადაპტაციისა და ინტეგრაციის საფუძველი. ამ თვალსაზრისით შეგვიძლია აღვნიშნოთ ისეთი უნივერსიტეტები, როგორიცაა, მაგალითად, European University Institute (ფლორენცია, იტალია),   Montana State University (ბოზემანი, აშშ), Vanderbilt University (ნეშვილი, ტენესი, აშშ), London School of Economics (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვ.

გარდა უნივერსიტეტებისა ასეთ კვლევებს ახორციელებენ ასევე სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაციები, მაგალითად, IZA (Institute for the Study of Labor), ILO (Iinternational Labour Organization), OECD (Organization for Economic Cooperation and Development), AEA (American Economic Association), NABE (The National Association of Business Economics) და სხვ. ეკონომიკის დოქტორების შრომის ბაზრის საკითხებს შეისწავლიან თავად დოქტორანტებიც. ამ თვალსაზრისით შეიძლება მოვიყვანოთ ჰ.პედერსენის სადოქტორო ნაშრომი „Empirical Essays on the Labor Market Outcomes of PhD Graduates“ [Heidi Skovgaard Pedersen, 2015].

ცხადია, რომ ამგვარი კვლევები ხარჯებთანაა დაკავშირებული და მათ ფინანსურად უზრუნველყოფენ განსხვავებული ფონდები, მაგალითად, National Science Foundation (NSF), Deutsche Post Foundation და სხვ., ასევე უნივერსიტეტები, რომლებიც ახორციელებენ სადოქტორო პროგრამებს, კვლევითი ინსტიტუტები, უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები და სხვა დაინტერესებული პირები.  

სად საქმდებიან ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მქონე პირები

ამერიკული ეკონომიკური ასოციაციის (AEA) კვლევების თანახმად, ეკონომიკის ახალი დოქტორები პირველ რიგში საქმდებიან უნივერსიტეტებში და კოლეჯებში.   

გარდა ამისა, ეკონომიკის ახალი დოქტორები საქმდებიან, აგრეთვე, კვლევით დაწესებულებებში, აკადემიური წრეების (ანუ უნივერსიტეტებისა და კოლეჯების) ფარგლებს გარეთ, მ.შ. ფედერალურ სარეზერვო სისტემაში, საერთაშორისო სააგენტოებში, სახელმწიფოს დაწესებულებების პოლიტიკისა და შეფასების დეპარტამენტებში, კერძო ბანკებში, საინვესტიციო ორგანიზაციებში, სხვა კომერციულ სტრუქტურებში.

ამერიკული ეკონომიკური ასოციაცია (AEA) ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორების როლსა და მნიშვნელობას:

„ეკონომიკის აკადემიური დოქტორები ... ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაში ახალი იდეების ჩამოყალიბებაში[1] და აქვეყნებენ თავის სამეცნიერო შრომებს ჟურნალებში, მ.შ. AEA-ში. 

პედაგოგიური კარიერის თვალსაზრისით, ეკონომიკის დოქტორები ასრულებენ მნიშვნელოვან როლს ეკონომიკის სპეციალობის ბაკალავრების მომზადებაში და მაგისტრატურის სხვადასხვა პროგრამებში. ეკონომიკის აკადემიურ დოქტორებს უჭირავთ პოზიცია ფაკულტეტზე MBA პროგრამებზე, სამართლისა და სამედიცინო სკოლებში, საჯაროპოლიტიკისპროგრამებზე და სხვ.

კვლევითი კარიერის თვალსაზრისით, ეკონომიკის დოქტორები საქმდებიან კომერციულ და არაკომერციულ ორგანიზაციებში, სამთავრობო და საერთაშორისო სააგენტოებში. 

ამერიკული ეკონომიკური ასოციაციის (AEA) კვლევების საფუძველზე შესაძლებელია ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების სფეროებისა და შესასრულებელი საქმიანობის დაზუსტება (იხ. ცხრილი 1):

ცხრილი 1. ეკონომიკის დოქტორების დასაქმების სფეროები და ფუნქციები 

 

პოზიცია

საქმიანობის სფერო

პედაგოგიური

საქმიანობა

(Educator)

 

 

 

აკადემიური საქმიანობა (Professor)

 

კვლევითი საქმიანობა

(Researcher)

საქმიანობის  ადგილი

-   უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები;

-       უნივერსიტეტები;

-       კოლეჯები;

-   ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა;

-   MBA პროგრამა;

-   სამართლის სკოლები;

-   სამედიცინო სკოლები;

-       საჯარო პოლიტიკის სკოლები;

-       სხვა

-  უმაღლესი სასწავლო დაწესებულებები;

-  უნივერსიტეტები;

-   კოლეჯები;

-   კვლევითი ინსტიტუტები;

-   აკადემიები;

-   სხვა

-  სახელმწიფო ორგანიზაციები;

-  სახელმწიფო სააგენტოები;

-  კომერციული ორგანიზაციები;

-  არაკომერციული ორგანიზაციები;

-  ბანკები;

-  საკონსულტაციო, ანალიტიკური ცენტრები (მაგ. Think-tank) და სხვა

შესასრულებელი ფუნქციები

-   პედაგოგიური საქმიანობა;

-   ლექციების ჩატარება;

-   პრაქტიკული/სემინარების ჩატარება;

-   სასწავლო კურსების მომზადება;

-   სხვა

 

-  პედაგოგიური საქმიანობა

ეკონომიკის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე; MBA პროგრამებზე; სამართლის სკოლებში; სამედიცინო სკოლებში; საჯარო პოლიტიკის სკოლებში;

-   კვლევების განხორციელება;

-  სხვა

-   კვლევების და ანალიზის განხორციელება;

-   ახალი იდეების, კვლევის მეთოდების ჩამოყალიბება;

-   რეკომენდაციების შემუშავება;

-   სამეცნიერო შრომების გამოქვეყნება;

-   სხვა

წყარო:  შედგენილია ავტორების მიერ [AEA Papers and Proceedings 2020] საფუძველზე                                                      

ლონდონის ეკონომიკის სკოლის (LSE) ეკონომიკის დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა დასაქმების კვლევის შედეგი. ამ კვლევის თანახმად ბოლო 5 წლის განმავლობაში LSE-ს ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის 93 კურსდამთავრებული  დასაქმდა სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ, 58 დასაქმდა აკადემიურ სფერო, 12 - კვლევითი ინსტიტუტებში, 10 - ცენტრალურ ბანკში, 6 - საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციები და კიდევ 7 - კერძო სექტორში. პროცენტებში ეს განაწილდა შემდეგნაირად: 75% აირჩია აკადემიური და კვლევითი საქმიანობა (უნივერსიტეტებში - 62% და კვლევით ცენტრებში - 13%), 11% დასაქმდა ცენტრალურ ბანკში, 7% დასაქმდა საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციებში და  7% - კერძო სექტორში (იხ. ნახაზი 1):

­ნახაზი 1: LSEეკონომიკისსადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა განაწილება დასაქმების სფეროებს შორის 

 

წყარო: შედგენილია ავტორების მიერ LSE ინფორმაციის საფუძველზე [LSE data]

როგორც ჰ. პედერსენი [H. Pedersen, 2015] აღნიშნავს, ტრადიციულად, დოქტორის აკადემიური ხარისხის (მ.შ. ეკონომიკის მიმართულებით) მქონე პირების სამუშაო ძალაზე მოთხოვნის მხარეს უმეტესწილად წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ამზადებს და მერე ასაქმებს  სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულებს. 

ამასთან, დასავლეთის უნივერსიტეტებში დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა კვლევისათვის შემუშავებული სპეციალური კითხვარის „National Science Foundation’s Survey of Doctorate“ საფუძველზე ჩატარებულ გამოკითხვაზე დაფუძნებული კვლევების მიხედვით, რომელიც ჩატარდა ვანდერბილის უნივერსიტეტში (Vanderbilt University) ეკონომიკის პროფესორის სკოტ ჯასჩიკისის [Scott Jaschik, 2014] მიერ, ბოლო პერიოდში გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საზოგადოების  შემდგომი განვითარებასთან ერთად ეკონომიკის დოქტორების დასაქმების დონე აკადემიურ სფეროში მცირდება და იზრდება მათი დასაქმება ბიზნესში და სახელმწიფო სამსახურებში (იხ. ცხრილი 2).

ცხრილი 2: ეკონომიკის დოქტორების დასაქმების დინამიკა

დამსაქმებელი

1997

2002

2008

2014

აკადემიური სფერო

63.7%

55.7%

59.3%

56.3%

ბიზნესი

13.6%

18.3%

18.1%

16.8%

სახელმწიფო სამსახური

8.7%

16.0%

12.5%

14.9%

წყარო: Scott Jaschik, 2014

მოყვანილი მონაცემების თანახმად, 1997 წლიდან 2014 წლამდე აკადემიურ სფეროში დასაქმებულ ეკონომიკის დოქტორთა რაოდენობა შემცირდა 7,4%-ით. ამავე პერიოდში ბიზნესში დასაქმებულ ეკონომიკის დოქტორთა რაოდენობა გაიზარდა 3,2%-ით, ხოლო სახელმწიფო სამსახურში გაიზარდა 6,2%-ით. ამასთან, დოქტორის ხარისხის მქონე კურსდამთავრებულებზე მოთხოვნა იზრდება კერძო სექტორში.

კვლევის შედეგად გამოითქვა მოსაზრება, რომ მოსალოდნელია დოქტორანტურის კურსდამთავრებულთა კერძო სექტორში დასაქმების ზრდა მოხდეს სახელმწიფო მოხელეებისა და პოლიტიკოსების ხელშეწყობით. კერძოდ, მიმდინარეობს ეკონომიკის დოქტორების გადანაწილება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან კერძო სექტორში და, უშუალოდ ეკონომიკის იმ სექტორებში, რომელთა ზრდა არის მოსალოდნელი. ეს განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დოქტორანტები ფლობენ დარგის უახლეს ცოდნას, მათ შეუძლიათ ინოვაციების დანერგვა და ამით მოახდინონ არსებული ცოდნის კომერციალიზაცია, რაც ძალზე მნიშვნელოვანია ინდუსტრიის შემდგომი განვითარებისთვის. ამ თვალსაზრისით ეკონომიკის დოქტორების არსებობა და მათი საჭირო მიმართულებით გადანაწილება შეიძლება განიხილოს, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი იმ დარგებისთვის, სადაც პოლიტიკოსები ყველაზე დიდ პოტენციურ ზრდას ელოდებიან.

მაგრამ აკადემიური ხარისხის მქონე სპეციალისტების ბაზარზე, ისევ, როგორც ზოგადად შრომის ბაზარზე, მხოლოდ მოთხოვნის არსებობა არ არის საკმარისი. ბაზარზე წონასწორობის დადგენისთვის აუცილებელია ამ კატეგორიის სპეციალისტების მიწოდება ანუ აკადემიური დოქტორების შრომის ბაზარზე უნდა არსებობდეს ბალანსი დოქტორების შრომაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.

ამ თვალსაზრისით საინტერესოა ახალი დოქტორების გამოკვლევა სწავლის პროცესთან დაკავშირებით, რაც აგრეთვე ჩატარდა Vanderbilt University ეკონომიკის პროფესორის სკოტ ჯასჩიკისის [Scott Jaschik, 2014] მიერ. გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ:

- ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა  უმრავლესობამ აღნიშნა, რომ უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სავლის დროს ცოტა ყურადღება ეთმობა რეალური ცხოვრებაში ეკონომიკური თეორიის  გამოყენების შესაძლებლობებს;

- ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულთა  უმრავლესობამ ასევე აღნიშნა, რომ ცოტა ყურადღება ექცევა „ეკონომიკური ინსტიტუტების გაგებას და ისტორიას“, „ეკონომიკური იდეების ისტორიას“;

- კურსდამთავრებულთა  უმრავლესობა განიხილავდა მათემატიკას, როგორც უფრო მნიშვნელოვანს დოქტორანტურაში სწავლისთვის, ვიდრე მათ კარიერისთვის, მაშინ, როცა აპლიკაციის და კომუნიკაციის უნარები უფრო მნიშვნელოვანი იყო კარიერისთვის ვიდრე დოქტორანტურაში სწავლისთვის.

შრომის ბაზარზე ეკონომიკის დოქტორების დასაქმების თვალსაზრისით კვლევის საინტერესო შედეგებს იძლევა შრომის შესწავლის ინსტიტუტის (IZA) პუბლიკაცია [Chen, Qihong, Sherrilyn 2012], რომელმაც ასახა ამერიკის უნივერსიტეტების უცხოელი კურსდამთავრებულების დასაქმების თავისებურებანი.  ამ კვლევის თანახმად, 

- ამერიკის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული უცხოელი (კერძოდ, კორეის, ინდოეთის, არგენტინის) მოქალაქე-დოქტორანტები თავის სამშობლოში უფრო ხშირად საქმდებიან აკადემიურ სფეროში,

- დოქტორები-მამაკაცები იკავებენ უფრო მაღალ თანამდებობებს დოქტორი-ქალებთან შედარებით,

- დოქტორი-მამაკაცებს აქვთ უფრო მაღალი შრომის ანაზღაურება, ვიდრე დოქტორი-ქალებს,

- დოქტორი-ქალები უფრო მოსალოდნელია დასაქმდნენ კერძო სექტორში ან სახელმწიფო სამსახურში, ვიდრე მამაკაცი-დოქტორები, რომლებიც უფრო მოსალოდნელია დასაქმდნენ აკადემიურ სფეროში.

ანუ, ამ კვლევამ გამოავლინა ეკონომიკის დოქტორების დასაქმების ეროვნული და გენდერული თავისებურებანი.

რა პრობლემები შემატა COVID-19 პანდემიამ  ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მქონე პირთა შრომის ბაზარს?

COVID-19 და ეკონომიკის დოქტორები შრომის ბაზარი

თანამედროვე გამოკვლევების თანახმად [Chassang, Dupas, Golub 2021], მოსალოდნელია, რომ COVID-19 პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის შედეგად შემცირდება დასაქმების საერთო დონე. მკვლევრებმა შეიმუშავეს შრომის ბაზარზე სიტუაციის განვითარების სამი სცენარი: ნეგატიური, საშუალო და პოზიტიური.

კვლევაში ყურადღება გამახვილებულია აკადემიურ სფეროზე და, კონკრეტულად, ეკონომიკის მიმართულებით Ph.D. ხარისხის მქონე პირებზე.   

კვლევის თანახმად, დასაქმების საერთო დონის შემცირების პირობებში  დასაქმება აკადემიურ სფეროშიც შემცირდება და ეს შემცირება შეიძლება იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან, როგორც კვლევა ადასტურებს, არსებობს ისეთი ორგანიზაციები (კონკრეტულად, კვლევაში ყურადღება გამახვილებულია ჰუმანიტარული მიმართულების სასწავლო დაწესებულებებზე, რომლებიც ქირაობენ ეკონომიკის დოქტორებს) დასაქმება არ შემცირდება საშუალო  სცენარის პირობებშიც.

კვლევაში ჩართული იყო 100 ორგანიზაცია, რომელთაგან 70 იყო მაღალი რანგის სამეცნიერო-კვლევითი უნივერსიტეტი ამერიკაში, ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაში, მ.შ. 15 იყო ჰუმანიტარული კოლეჯები, რომლების რეგულარულად ქირაობენ ეკონომიკის დოქტორებს და 15 - არააკადემიური, მათ შორის სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები.

კვლევის თანახმად:

1. როგორც ოპტიმისტური, ასევე საშუალო სცენარით, ჰუმანიტარული კოლეჯები კვლავინდებურად დარჩებიან დოქტორის ხარისხის მქონე პირების დამქირავებლებად;  

2. ეკონომიკის დოქტორების შრომის ბაზარზე არსებულ დამსაქმებელთა მინიმუმ 50% კვლავ აპირებს ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მქონე პირების დასაქმებას პოსტპანდემიურ პერიოდშიც;

3.  კვლევაზე საერთო დასკვნა: შესაძლებელია, რომ წონასწორული მოთხოვნა ეკონომიკის დოქტორის ხარისხის მქონე პირებზე შემცირდეს მოსალოდნელზე ნაკლებად.

მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის პირობებში მოსალოდნელია დასაქმების საერთო დონის და შრომაზე, მ.შ. დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირების სამუშაო ძალაზე, მოთხოვნის შემცირება, პანდემიით (თუ სხვა ფორსმაჟორული სიტუაციებით) გამოწვეული ეკონომიკური კრიზისიდან გამოსვლის პროექტების/პროგრამების შემუშავება-განხორციელებისათვის საჭიროა ამ პროექტების დამოუკიდებლად ინიცირების, არასტანდარტული აზროვნების, ინოვაციური მიდგომების შემუშავება-გამოყენების, ანალიტიკური და კვლევითი უნარების მქონე სპეციალისტების არსებობა ანუ იმ სპეციალისტების არსებობა, რომლებსაც ამზადებენ ეკონომიკის სადოქტორო პროგრამები.

ეკონომიკის დოქტორების შრომის ბაზარი:  GEO vs EU

არსებობს საქართველოსა და დასავლეთის (მ.შ. ევროპულ) ეკონომიკის დოქტორების შრომის ბაზრებს შორის როგორც მსგავსება, ასევე მნიშვნელოვანი განსხვავება. ეს პირველ რიგში ეხება შრომის ბაზრის მოთხოვნას.

მსგავსების თვალსაზრისით შეიძლება დასახელდეს ეკონომიკის სადოქტორო პროგრამების კურსდამთავრებულთა ძირითადი ნაწილის დასაქმება უნივერსიტეტებში ანუ აკადემიურ სფეროში.

განსხვავების თვალსაზრისით, რომელიც საკმაოდმნიშვნელოვანია, იმაში აისახება, რომ (როგორც ეს უკვე ნაჩვენები გვაქვს) დასავლეთის აკადემიურ სფეროში არსებობს მოთხოვნა ეკონომიკის დოქტორებზე არა მარტო ეკონომიკის  ან/და ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამების მხრიდან, არამედ MBA პროგრამებზე, ჰუმანიტარულ, საინჟინრო, სამედიცინო და სხვ. მიმართულებების მხრიდან.

დასკვნის სახით: პერსპექტივები საქართველოში

მაშასადამე, ეკონომიკის დოქტორების დამსაქმებელთა ძირითად ჯგუფებს წარმოადგენს:

  1. აკადემიური (პედაგოგიური) საქმიანობა უნივერსიტეტებში, კოლეჯებში, უნივერსიტეტებთან არსებულ ტრენინგ ცენტრებში, უნივერსიტეტებთან არსებულ კვლევის ცენტრებში ან/და ინსტიტუტებში, სხვ. საქართველოში აკადემიურ სფეროში ეკონომიკის დოქტორების შრომაზე მოთხოვნის გაფართოება ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებს გარეთ, კერძოდ: საინჟინრო სპეციალობების, სამედიცინო, ჰუმანიტარული, ტექნოლოგიური, სამართლის და სხვ. საგანმანათლებლო პროგრამებზე.
  2. ბიზნეს-საქმიანობა - სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა ბიზნესის სწორი წარმართვისა და განვითარების მიზნით, არსებული მეცნიერული მიღწევების ბიზნეს-საქმიანობაში ეფექტიანი დანერგვა, საზოგადოებაში არსებული რესურსების რაციონალური გამოყენების დაგეგმა, ბიზნესის წარმართვის სწორი მეთოდოლოგიის შემუშავება, ექსპერტული საქმიანობის განხორციელება ბიზნესში, კონსალტინგური საქმიანობა ბიზნესში და ბიზნესისთვის და ა.შ. საქართველოში ბიზნეს-საქმიანობა ფაქტიურად აუთვისებელი სფეროა.
  3. სახელმწიფო სამსასხური - ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის კვლევა და ანალიზი,  ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავება, ეკონომიკური რეფორმების გატარების აუცილებლობის განსაზღვრა, დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, სხვ. ამ თვალსაზრისით საქართველოში ჯერ კიდევ ცოტაა გაკეთებული და ამ მიმართულებით არსებობს ფართო შესაძლებლობები.
  4. პოლიტიკს სფეროში - სწორი, მეთოდოლოგიურად გამართული, ლოგიკურად ჩამოყალიბებული, ფაქტებს დაფუძნებული სამოქმედო პროგრამ(ებ)ის შემუშავება და კომპეტენტურად წარდგენა შემდგომ პოლიტიკურ საქმიანობაში ამ პროგრამების ეფექტიანად დანერგვა რესურსების რაციონალური გამოყენების საფუძველზე, მიღებული პოლიტიკურ-ეკონომიკური გადაწყვეტილებების შედეგების პროგნოზირება და საჭიროებისამებრ ეკონომიკური კონიუნქტურის მერყეობის კვალობაზე დროულად საჭირო ცვლილებების შეტანა, სხვ. პოლიტიკური სფეროც საქართველოში არის ის ნიშა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის საკმარისად ათვისებული და ეკონომიკის დოქტორებს აქ კარგი პერსპექტივები შეიძლება გააჩნდეს.

გამოყენებული ლიტერატურა

AEA Papers and Proceedings 2020, American Economic Association, 2019–2020 Universal Academic Questionnaire Summary Statistics, 110: 639–641.

Chassang Sylvain, Dupas P., Golub,Ben. Opportunities for New PhD Economists, 2021.

Pedersen Heidi Skovgaard. Empirical Essays on the Labor Market Outcomes of PhD Graduates, Forlaget Politica. 2015.

PhD Economics Career Placement: Job Market Placement Record, LSE, 2021. https://www.lse.ac.uk/economics/study/research/phd-economics-career-placement

Chen Jihui, Qihong L., Sherrilyn Billger. Where Do New Ph.D. Economists Go?  Evidence from Recent Initial Job Placements. IZA DP No. 6990, November 2012.

Siegfried John J. & Stock, Wendy A. The Labor Market for New Ph.D.

Scott Jaschik, Inside Higher Ed Careers, University of Canada. 2014.

The economics profession: Becoming a professor, researcher or educator, AEA. 2021.

Economists Academic Job Market Advice for PhD Students in Economics. Journal of Economic Perspectives. Volume 13, Number 3. (1999): 115-134.



[1]ციტირებაში აქ და მოცემული დოკუმეტს სხვა ადგილებში  გამოყოფა განხორციელებულია ავტორების მიერ.